კახა კალაძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს
კახა კალაძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს.

როგორც კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, მსოფლიოში ფეიკნიუსებთან ბრძოლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა.

„დღევანდელი ჩვენი ვიდეო მიმართვა იქნება ცოტა განსხვავებული წინა ჩვენი ჩართვებისგან. დღეს არ ვისაუბრებ რომელიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე, სოციალურ, კულტურულ პროექტებზე, არამედ ვისაუბრებ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ქვეყანას და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. მინდა, წარმოგიდგინოთ ერთი კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ ხვალიდან და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის წამოწყება, რადგან საქმე ეხება ძალიან დიდ პრობლემას და ახლა ვისაუბრებ ამ პრობლემაზე.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში ფეიკნიუსებთან ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით, რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება, უფრო სწორად პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა – რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“ თუ მათთან ასოცირებულ ფეიკნიუსების გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ვალდებულები არიან ხელი შეუშალონ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ქართულ მედიასივრცეში.

„დედაქალაქის მერიამ ამ თითქმის სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა – ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული მიმართულებით. ჩვენ ვთვლით, რომ მერიის უწყების საჯაროობა, მუშაობის პროცესის თვალისდევნება, თანამონაწილეობა, ჩართულობა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ საკმაოდ აქტიური ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო თბილისის მოსახლეობას ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ხორციელდება, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. ასევე არ ვერიდები პრობლემებზე საუბარს, გამოწვევებზე, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს და არ გვერიდება ამაზე საუბარი, რადგან პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში დაგროვდა ჩვენს ქალაქში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის ეტაპობრივად მოგვარება და გამოსწორება. არ გვერიდება ამ ყველაფერზე საუბრის. მაგრამ, ამასთან, ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე სამწუხაროდ თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედისაშუალებებით.

ასე რომ, ვიწყებთ თითოეულ ფეიკ ბრალდებაზე, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ ასეთ სისულელეებს, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ, რაციონალურ პასუხს. უბრალოდ ვალდებულები ვართ ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი