კახა კალაძე - ლადო კახაძე დაიცავს მთაწმინდელების ინტერესებს პარლამენტში და ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც ლადო კახაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს ეხებოდა.
მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები სამარცხვინოა.
„ლადო კახაძე მეორე ტურში გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, პირველ ტურში აქტივობა იყო დაბალი, დაახლოებით 15 ათასი ამომრჩეველი იყო მოსული. თუ ლადო კახაძე ასეთი უპრინციპოა და მთაწმინდელების მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ 41 პროცენტი საიდან აიღო და რატომ არის პირველ ადგილზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მეორე ტურში ყველაფერს გაეცემა პასუხი.
„ლადო კახაძე დაიცავს მთაწმინდელების ინტერესებს პარლამენტში და ჩვენი მხრიდან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. ჩვენ შევძლებთ ერთად გავაკეთოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მთაწმინდასა და მთაწმინდელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისში, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.