კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის თექვსმეტივე კანდიდატთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა
თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის ყველა კანდიდატთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა.
„მეც გამოვთქვი თანხმობა დებატებთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მინდა, ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოაწყონ და განახორციელონ შესაბამისი პლატფორმა, სადაც თექვსმეტივე კანდიდატთან მექნება შესაძლებლობა, მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თანაბრობის პრინციპის დაცვით, საქართველოს პირველი არხი 21 სექტემბერს დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატებში იწვევს ყველა დარეგისტრირებულ კანდიდატს, რათა, ერთი მხრივ, შესრულდეს კანონის მოთხოვნა დებატების გამართვასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დაკმაყოფილდეს საზოგადოების ინტერესი ცალკეულ არაკვალიფიციურ სუბიექტთა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
წინასაარჩევნო კამპანიის თანაბრად და ნეიტრალურად გაშუქების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პირველმა არხმა პარტიებს ჯერ კიდევ 26 აგვისტოს შესთავაზა სატელევიზიო და რადიო ეთერები. ცესკო-ს მიერ დარეგისტრირებულ ყველა კვალიფიციურ პარტიას მიეცემა თანაბარი ეთერი – როგორც საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“, ასევე ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში.
საქართველოს პირველი არხი 14 და 21 სექტემბერს გეგმავს სპეციალურ საარჩევნო ფორმატს „დებატები 2021“.