საქართველოს პირველი არხის მიერ არჩევნების გაშუქება
საქართველოს პირველი არხის მიერ არჩევნების გაშუქება

საქართველოს პირველი არხის მიზანია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესი გაშუქებული იყოს დაბალანსებულად და მიუკერძოებლად, ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.

სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიის თანაბრად და ნეიტრალურად გაშუქების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პირველი არხი პარტიებს სთავაზობს სატელევიზიო და რადიო ეთერს.

ცესკო-ს მიერ დარეგისტრირებულ ყველა კვალიფიციურ პარტიას მიეცემა თანაბარი ეთერი, როგორც საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“, ასევე ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გაშუქდება საარჩევნო სუბიექტების (როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური) ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათი საარჩევნო პროგრამები და პოზიციები, გამოშვებებს ახლავს სურდოთარგმანი და მთავარი გამოშვება ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (ენის რეჟიმის მართვა შესაძლებელია სეტ ტოპ ბოქსის საშუალებით).

საქართველოს პირველი არხი გეგმავს სპეციალურ საარჩევნო ფორმატს „დებატები 2021“.

დებატები 2021

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 55(2)

ამ კანონით დადგენილი საეთერო დროის თანაბრად განაწილების, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნის ვალდებულება ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 185(2-4)

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს ორ დებატს.

14 სექტემბერს 22:00 საათზე, დებატები გაიმართება არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებს შორის, სადაც მონაწილეობისთვის სპიკერებს განსაზღვრავენ თავად პარტიები.

21 სექტემბერს 22:00 საათზე დებატები შედგება კვალიფიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატებს შორის.

დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო თარგმანით, საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს დებატების თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, ის გადაიცემა საქართველოს რადიოს ეთერით.

დებატებში მონაწილეთა თანმიმდევრობა განისაზღვრება მათი საარჩევნო ნომრების მიხედვით. საქართველოს პირველი არხი პასუხისმგებლობას იღებს, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პოზიცია ამომრჩეველს თანაბარ პირობებში გააცნონ.

გაშუქება სხვადასხვა პლატფორმაზე

პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ „მოამბის“ გამოშვებებში დრო პარტიული ან მაჟორიტარული სიის, მერობის კანდიდატების ან პროგრამის პრეზენტაციისთვის (პრეზენტაციისთვის პარტიას პირდაპირი ეთერი დაეთმობა იმ შემთხვევაში, თუ პარტია თავად უზრუნველყოფს არხისთვის პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალის მოწოდებას, (აღნიშნული შეთავაზება არის ერთჯერადი), ასევე 18:00-საათიან „მოამბეში“ ყველა კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელს მიეცემა 10 წთ საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გაშუქდება საარჩევნო სუბიექტების (როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური) ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათი საარჩევნო პროგრამები და პოზიციები, გამოშვებებს თან სდევს სურდოთარგმანი და მთავარი გამოშვება ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (ენის რეჟიმის მართვა შესაძლებელია სეტ ტოპ ბოქსის საშუალებით).

საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს ეთერში გასული საარჩევნო აქტივობის თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე ყველა აქტივობა გაშუქდება სომხურ და აზერბაიჯანულენოვან „მოამბეში“.

საქართველოს რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები კვირაში სამჯერ საეთერო დროს კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დაუთმობენ. მათი თანმიმდევრობა განისაზღვრება საარჩევნო ნომრების მიხედვით.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები აქტიურად გაშუქდება გადაცემებში – „დღის თემა“ და ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „აქტუალური შაბათი“.

პირველი არხის ონლაინ პლატფორმაზე 1tv.ge განთავსდება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ყველა ინფორმაცია. თვითმმართველობის არჩევნებისთვის სპეციალურად მზადდება ვებპორტალი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული ყველა აქტივობა განთავსდება.

მონიტორინგი

საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგს.

საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი მიზნად ისახავს მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას.

გასული წლის მსგავსად, მონიტორინგი ამჯერადაც მიმდინარეობს სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.

საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკის შესაბამისად გაიზომება:

➢ გაშუქებული თემა დათმობილი დროის მიხედვით
➢ სუბიექტის პირდაპირი და ირიბი გაშუქება დათმობილი დროის მიხედვით
➢ სუბიექტის გაშუქება ტონის მიხედვით (პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური)

ქრონომეტრაჟი დაითვლება, როცა სუბიექტი:
➢ ჩანს კადრში
➢ კადრში საუბრობს
➢ ისმის მხოლოდ ხმა
➢ ჩანს სუბიექტის საიმიჯო ატრიბუტიკა
➢ მასზე საუბრობენ სხვები

მედიამონიტორინგის ცალკეული კომპონენტები გამოქვეყნდება პერმანენტულად, მონიტორინგის მიმდინარეობის პერიოდში, მთლიანი ანგარიში კი – საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის წარმოება, პირველ რიგში, ხაზს უსვამს პოლარიზებული პოლიტიკური და მედიაგარემოს პირობებში მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქების აუცილებლობას.

სარეკლამო დრო

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად უფლებამოსილი პარტიებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ეთერში გამოყოფს ყოველ საათში 5 წუთს და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდება იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს, ხოლო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების მიზნით გამოიყოფა ყოველ საათში 5 წამი თითოეული სუბიექტისთვის და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად თითოეული პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა განთავსდება იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი პარტიისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 15 წამს არ აღემატებოდეს.

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსებულია ოფიციალური ვებგვერდის – 1tv.ge-ს სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე „არჩევნები 2021“, ასევე სპეციალურად შექმნილ ვებპორტალზე – election.1tv.ge და წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად განახლდება.

დატოვე კომენტარი