კახა კალაძე - ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღებას ანაკლიის პორტთან და პოლიტიკაში მოსვლაზე მათ განცხადებასთან კავშირი არ აქვს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას არც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და არც მათ პოლიტიკაში მოსვლაზე გაკეთებულ განცხადებასთან კავშირი არ აქვს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული, ვიდრე აღნიშნული პირები პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდნენ.
„გამოძიება ცოტა ადრე იყო მგონი დაწყებული და განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას, არის კონკრეტული თემა, რასაც ედავება პროკურატურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ეს კავშირში ანაკლიის პორტთან, კახა კალაძემ აღნიშნა: „ეს არანაირ კავშირში არ არის ანაკლიის პორტთან“.
მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღეს. ამასთან პროკურატურაში დაადასტურეს, რომ სასამართლოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს.