პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს
პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სასამართლოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და რეკომენდაციების შესაბამისად, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით. ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისთვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში.

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დღეს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღეს.