კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს
თბილისის მერი კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას დედაქალაქის გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.
დედაქალაქის მერი მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურაბ შევარდნაძე მოედნის გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.
„მარჯანიშვილის მოედანზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რაც კონკრეტულად აქ კეთდება. ყველამ კარგად იცით „გარდენია“, რომელიც გამწვანებით სამუშაოებს ახორციელებს. ეს ერთი ადამიანის კეთილი საქმეა და მისი ხელმძღვანელი, ქალაქს ამ საჩუქარს უკეთებს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვთხოვო, როგორც საახალწლო განათებების შემთხვევაში დაეხმარნენ ქალაქს, ისე გამწვანებით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა – ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გამოგვეხმაურება, გამწვანებით სამუშაოებში ჩაერთვებიან და შევძლებთ, დედაქალაქის არსებული იერსახე შევცვალოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გამწვანების სამუშაოებში მოსახლეობისა და ბიზნესის აქტიური ჩართულობა იქნება, რადგან მისი თქმით, საზოგადოებაში, ქალაქში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობის სურვილი დიდია.
„ვიცით, რომ ქალაქში ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ მათ გამოსწორებასა და რეალობის შეცვლას ერთობლივი ძალებით შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოსახლეობასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გამწვანების სამუშაოებში ჩართვისკენ თავად ზურაბ შევარდნაძემაც მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ მიმართულებას საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვება.