კახა კალაძე - კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება
კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება, – ამის შესახებ თბილისის მარმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც დეგნანი აღნიშნავს: „შოკირებული ვიყავი კარლ ჰარცელის შესახებ კომენტარების მოსმენისას, სრულად ვუჭერ მხარს იმას, რის გაკეთებასაც ის ასე ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დასახმარებლად“.
კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა.
„ვერ გეტყვით, რას გულისხმობს კრიტიკაში. როგორც ვიცი, შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.