კახა კალაძე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილეებთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად გაეცნო.

ილია ჭავჭავაძის მუზეუმში სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

„ძალიან მასშტაბური პროექტია, დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე მეტ სივრცეზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია. არის კონკრეტული ადგილები და ოთახები, სადაც ავთენტურობა შენარჩუნდება. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დედაქალაქში, არა მარტო ჩვენი მაცხოვრებლებისთვის, არამედ, ტურისტებისთვის. დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება პროექტის განხორციელებისთვის. პროექტი შეგვიძლია ორ ეტაპად გავყოთ, პირველი ეტაპის სამუშაოები ახლა უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები 8 ოქტომბრისთვის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ყველა სივრცე ადაპტირებული იქნება და ეტლით გადაადგილება თავისულფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების პირველ ეტაპზე შენობის სარდაფები მიწის დანალექი მასებისგან გასუფთავდა და მათი გამაგრება მოხდა, ასევე შენობის დასავლეთ ფლიგელში რკინა-ბეტონის სვეტებისა და სართულშუა გადახურვის მონოლითური ფილები მოეწყო. ასევე მოწესრიგდა მუზეუმის ეზოში არსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი, შეიცვალა სახურავები და განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქუტურული სამუშაოები.

ამასთან, პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა-კეთილმოწყობა, ასევე შენობის სამივე სართული ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საერთო ჯამში, მუზეუმის რეაბილიტაციაზე 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ილია ჭავჭავაძე აღნიშნულ შენობაში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებით აქტიური წლები. აქ იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა.

პროექტის საბოლოო დასრულება 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისთვის იგეგმება.