კახა კალაძე - გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კორპუსში დღეს სპეციალისტები შევიდნენ, რომლებიც არსებულ მდგომარეობას შეამოწმებენ. კერძოდ, რამდენად მდგრადია შენობა და ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას.
„არავინ დაგვიტოვებია პრობლემებთან პირისპირ და ანალოგიურად იქნება ამ შემთხვევაშიც. სამწუხარო ფაქტი მოხდა. შესაძლოა, გამგეობამ არ დაიწყოს ძიება კონკრეტული საცხოვრებელი ფართების, რადგან შეიძლება, ვიღაცას არ მოეწონოს და უკმაყოფილო იყოს. მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ნახოს ბინები, მოიძიოს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, სამმა კლინიკა უკვე დატოვა.