კახა კალაძე - გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რეზოლუციაში ჩანაწერით ევროპარლამენტის დეპუტატებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ გვეკრძალება ის, რასაც თავად აკეთებენ
გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რეზოლუციაში ჩანაწერით ევროპარლამენტის დეპუტატებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ გვეკრძალება ის, რასაც თავად აკეთებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს.
„სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ გამჭვირვალობის კანონზე. მათი სურვილია, ჩვენს ქვეყანაში ფარულად შემოედინებოდეს „შავი ფული“, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს. თან ეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს პერიოდში თავად ევროკავშირი მიიღებს ბევრად უფრო მძიმე კანონს უცხოური დაფინანსების შესახებ. რეზოლუციაში ამ ჩანაწერით პირდაპირ გვითხრეს, რომ გვეკრძალება ჩვენ ის, რასაც თავად აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტმა დღეს რეზოლუცია მიიღო, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.
რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე: „ევროპარლემენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.