ჩვენ ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრას და მიხარია, რომ ფეხბურთი აერთიანებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ მის ინიციატივას ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს შორის საპასუხო მატჩის გამართვის შესახებ, ფეხბურთის ფედერაცია და ინციდენტში მონაწილეები გამოეხმაურნენ.
„ძალიან მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაცია, ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე ახალგაზრდა ბიჭები, ვისთანაც მოხდა დაპირისპირება და გაურკვევლობა. რაც მოხდა ძალიან ცუდია. დღეს ჩვენ ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრას. მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. სასიხარულოა, რომ ამ ამხანაგურ თამაშში ყველა იღებს მონაწილეობას. ეს არის სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც ვერაფერი და ვერანაირი წინაღობა ვერ დახვდება წინ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ გუნდში ითამაშებს.
“მაისურებზე გვაწერია ყველას თანასწორობა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა იმ ინციდენტის შემდეგ დავდგეთ ერთად. რაც მოხდა სასიამოვნო ნამდვილად არავისთვის არ ყოფილა და სასიამოვნოა ის, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ და სიმბოლურად ვითამაშებთ”, – განაცხადა კობიაშვილმა.
ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს. ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ იმართება.