კახა კალაძე - „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავენ
კახა კალაძე - „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავენ

„ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი შეხედულება გამოხატოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, საქართველოში სოციალურ ქსელში არაავთენტური ანგარიშების საკითხზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება.

„რისი გამოძიება უნდა დაიწყოს, ცენზურას ვუწესებთფეისბუქს“? „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ ფორმით. „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, ყალბი „ფეისბუქ“ ანგარიშების საკითხზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით კალაძემ აღნიშნა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია.

„თავიანთი შეხედულებების გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა ყველაზე მეტი ტროლი, ბოტი ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.