კახა კალაძე - „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი, რომელსაც რეალური შანსი აქვს, მოიპოვოს პარლამენტში მყარი უმრავლესობა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი
საარჩევნო სისტემები არჩევნებს არ და ვერ იგებს, არჩევნებს იგებს ხალხი და ხალხის მხარდაჭერა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვარიანტი – 100/50. კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდა, არჩევნები არსებული, შერეული სისტემით ჩატარდება.
„მათი გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებენ. ჯერ მთავარია, შევჯერდეთ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო კომპრომისული ვარიანტი 100/50-ზე. ეს ვარიანტი არის გამოსავალი. თუ ისინი არ დათანხმდებიან ჩვენს შეთავაზებას, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება შერეული, არსებული სისტემით, რომელიც არის კონსტიტუციური, დემოკრატიული და სხვათაშორის, ამ სისტემით მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო დაპატრონებული აბსოლუტურად ყველაფერს. ტელევიზიები ჯიბეში ედო, მედია იყო მისი საკუთრება, ამ პირობებში მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც ეხმაურება არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შანსებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში ხმათა უმრავლესობას მიიღებს.
„ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს იმაში, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეალურად გამარჯვების შანსი და შესაძლებლობა, მოიპოვოს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ყველა ყველაფერს ხედავს, თუ რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა გამოწვევებია. ვინ რამდენ პროცენტს აიღებს, ეს დამოკიდებულია ხალხზე. ციფრებზე გამიჭირდება საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი, ვისაც აქვს გამარჯვების ძალიან დიდი და რეალური შანსი, მაღალი პროცენტით, ეს არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.