კახა კალაძე - ექსპერტიზის დასკვნით, 109-ე ბაღი ავარიულია, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რომ აქ სწავლა გაგრძელდეს
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ 109-ე ბაგა-ბაღის შენობა უნდა გასხვისდეს.
მისი განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ბაღის შენობა ავარიული და საშიშია, ამიტომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ბაღში სწავლა გაგრძელდეს.
„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც დედაქალაქის მერი, რომ ასეთი ქმედებები (ბაღის გასხვისება) ჩვენი ხელისუფლების დროს დაუშვებელია. თუ რაიმეს გასხვისება გვინდა, ამას ღიად ვიტყვით, არაფერი გვაქვს მოსახლეობასთან დასამალი. ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ბაღების შემოწმება. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ეს კონკრეტული ბაღი ავარიული და საშიშია. შესაბამისად, მე როგორც დედაქალაქის მერი, ნამდვილად ვერ ავიღებ იპასუხისმგებლობას, რომ ამ ბაღში გაგრძელდეს სწავლა. მე მგონი, ეს მშობლებმაც კარგად უნდა გაიაზრონ. რომელ ბაღშიც სწავლა დროებით შეჩერებულია, წლის ბოლოსთვის ყველანაირი სამუშაოები იქნება დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, ისნის რაიონში 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაღის დახურვას აპროტესტებენ. მათ არ სჯერათ, რომ ბაღის დახურვის მიზეზი შენობის ავარიულობაა და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.
N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.
როგორც ბაღების სააგენტოში პირველ არხს განუმარტეს, ბაღის უკანა კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა, წინა ფლიგელი კი არ გარემონტებულა, თუმცა, მათივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მთელი შენობის ავარიულობაზეა საუბარი.