კახა კალაძე - ეკა გიგაურს არანაირი კავშირი არ აქვს არასამთავრობოებთან, რადგან კარგად ვიცით, შინაარსობრივად რას წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია და რით უნდა იყოს დაკავებული
უკვირთ, როცა მმართველი პარტია ამ ადამიანებს პოლიტიკოსებად იხსენიებს. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არასამთავრობოებთან, ჩვენ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს შინაარსობრივად არასამთავრობო ორგანიზაცია და რით უნდა იყოს დაკავებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
კერძოდ, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „გიგაური ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა სიღარიბეში ამყოფოს, რადგან ამ დროს მათი მართვა უფრო ადვილი ხდება. როგორ შეაფასებდით მის ამ განცხადებას“.
კალაძის თქმით, გიგაურის აღნიშნული კომენტარი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ჰგავს.
„არ ვიცი, ამ განცხადებას რა დავარქვა. როდესაც საზოგადოება ისმენს ამ ყველაფერს და შემდეგ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, ამ ადამიანებს უკვირთ. ასევე უკვირთ, როდესაც მმართველი პარტია აკეთებს შეფასებებს და ამ ადამიანებს იხსენიებს, როგორც პოლიტიკოსებად. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არასამთავრობოებთან, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს შინაარსობრივად არასამთავრობო ორგანიზაცია, რას უნდა აკეთებდეს, რით უნდა იყოს დაკავებული. მათი განცხადებები ჩვეულებრივად არის პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მაგვარი. ამ სისულელეზე, რასაც ეს ადამიანი ამბობს, რა შეფასება უნდა გავაკეთო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.