ეკა გიგაური - ცდილობენ, ჩვენი ხალხი იყოს ღარიბი, რადგან როცა ადამიანები ღარიბები არიან, არჩევნების დროს მათი მანიპულაცია ძალიან მარტივია
ეკა გიგაური - ცდილობენ, ჩვენი ხალხი იყოს ღარიბი, რადგან როცა ადამიანები ღარიბები არიან, არჩევნების დროს მათი მანიპულაცია ძალიან მარტივია

საზოგადოება ბევრი წელია, იბრძვის, რომ თავი დააღწიოს საბჭოთა ტიპის მმართველობას და საბჭოთა მენტალიტეტს, ბევრი პრობლემის მიუხედავად, საზოგადოება მაინც ახერხებდა, სხვა ბევრ საბჭოთა სივრცეში მყოფ ქვეყანასთან შედარებით, უკეთესად ვყოფილიყავით. ახლაც ვართ ამ ეტაპზე. ვიბრძვით, რათა გავაღწიოთ ამ წრიდან, მივუახლოვდეთ ევროკავშირს და ბოლო ბოლო მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის თქმით, საზოგადოებას ახლა ამაში ხელს უშლის ოლიგარქი, რომელმაც დაამყარა ოლიგარქიული მმართველობა. ეკა გიგაურის განმარტებით, „არის მცდელობა, ქართველი ხალხი იყოს ღარიბი, რადგან როცა ადამიანები ღარიბები არიან, არჩევნების დროს მათი მანიპულაცია მარტივია“.

„ვფიქრობ, რა ქვეყანა გვაქვს და ალბათ ქვეყანა, სადაც საზოგადოება ძალიან ბევრი წელია, იბრძვის, რომ თავი დააღწიოს საბჭოთა ტიპის მმართველობას და საბჭოთა მენტალიტეტს, რადგან ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას რომ შევხედოთ, უნდა აღვნიშნოთ ნამდვილად ის მიღწევები, რაც ჩვენთან არის და ეს არის საზოგადოების დიდი დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, საზოგადოება მაინც ახერხებდა, სხვა ბევრ იგივე ამ საბჭოთა სივრცეში მყოფ ქვეყანასთან შედარებით, უკეთესად ვყოფილიყავით. ახლაც ვართ ამ ეტაპზე. ვიბრძვით იმისკენ, რომ გავაღწიოთ ამ წრიდან, მივუახლოვდეთ ევროკავშირს და ბოლო ბოლო მივაღწიოთ იმ შედეგს და მიზანს, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ამაში ცხადია, გვიშლიან ხელს. კონკრეტულად ახლა გვიშლის ხელს კონკრეტული ოლიგარქი, რომელმაც დაამყარა ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ცდილობს, დაყოს და დააქუცმაცოს საზოგადოება, დააპირისპიროს ერთმანეთს ისე, რომ პატარ-პატარა ჯგუფები დავრჩეთ და ერთმანეთს ვებრძოდეთ, ის, რომელიც ცდილობს, შეაშინოს ყველა ჯგუფი, რომელიც არის კრიტიკული და ეწინააღმდეგება მის მმართველობას. ეს არის სახელმწიფო, სადაც ის ერთი ადამიანი ებრძვის განსხვავებული აზრის მატარებლებს, ებრძვიან ოპოზიციურ პარტიებსაც. ცდილობენ, რომ ჩვენი ხალხი იყოს ღარიბი, რადგან როცა ადამიანები ღარიბები არიან, მათი მანიპულაცია არჩევნების დროს ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია, დააჯერო მათ მართლა სიგიჟეები, რომ ვიღაცას ომი უნდა, ან დასავლეთი ცუდია და ა.შ. ეს ხდება, რადგან უჭირთ ადამიანებს იმიტომ, რომ არ აქვთ წვდომა კონკრეტულ ინფორმაციაზე და რადგან განათლების სისტემა არ არის სათანადო დონეზე. ყველაფერი ერთმანეთის გაგრძელებაა, რათა ამ წრიდან ვერ გავაღწიოთ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში.