კახა კალაძე - ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია
კახა კალაძე - ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია

საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს, აქციაზე „შინ ევროპისკენ“ წარმოდგენილი ადამიანების რაოდენობაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

„პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოს და ძალიან მალე მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, გუშინდელი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული იყო თუ არა, კალაძემ განაცხადა:

„კი, რა თქმა უნდა, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, არ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?! „სირცხვილია“ ვის წარმოადგენს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ? აქცია ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და მისი ახალგაზრდული პარტიის ფრთის, რომელსაც ჰქვია „სირცხვილია“. მე არ ვთვლი, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ „ნაციონალები“, ამას არ ვამბობ“, – განაცხადა კახა კალაძემ.