კახა კალაძე - დმანისში ძალიან მძიმე ინციდენტი მოხდა, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დმანისის მუნიციპალიტეტში ძალიან მძიმე ინციდენტი მოხდა და ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.
კალაძის თქმით, აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა.
„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს იყო ძალიან მძიმე ინციდენტი. ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები, მათ შორის ფსიქოლოგიურს. მათ შორის იმ ძალადობას, რასაც კონკრეტული ტელევიზიები აკეთებენ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, პასუხი ყველას აუცილებლად მოეთხოვება. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებისას გუშინ ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.