კახა კალაძე - დიღმის ტყე-პარკში დაწყებული გვაქვს გამოსყიდვის ღონისძიებები, საკმაოდ დიდი ტერიტორია უკვე წამოღებული აქვს მუნიციპალიტეტს, გაკეთდება ძალიან ლამაზი ორანჟერეა
დიღმის ტყე-პარკი ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე იქნება დასასვენებლად არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ზოგადად თბილისელებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიღმის ტყე-პარკში გამართული აქციის შესახებ დასმულ კითვაზე განაცხადა.
მისი თქმით, დიღმის ტყე-პარკში უკვე დაწყებულია გამოსყიდვის ღონისძიებები.
„იქ, სადაც არაფერია გაშენებული და საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, უკვე წამოღებული აქვს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ტერიტორიას, რომელზეც არის განთავსებული „კიას“ ცენტრი, იქ გაკეთდება ორანჟერეა, რომელიც არის ძალიან ლამაზი და იმ კონკრეტულ სივრცეში ჯდება, რადგან დღეს არის ავტოტექგასამართი სადგური, რომელიც არის ძალიან მძიმე და ცუდ მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ორანჟერეის სახით განხორციელდეს პროექტი, რომელიც იმ სივრცეში აუცილებლად ჩაჯდება. ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე იქნება მთლიანად დიღმის ტყე-პარკი დასასვენებლად არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ზოგადად თბილისელებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ასევე უახლოეს მომავალში განხორციელდება ახალი საქალაქო პარკის პროექტი დიღმის ჭალებში.
„საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, 10 ჰექტარზე არის საუბარი და ეს ორი ძალიან დიდი სივრცე ქალაქისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დიღმის ტყე-პარკში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი 2019 წლის 15 მარტს საკრებულოს მიერ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მინიჭებასა და კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.