კახა კალაძე - თუ იქნება კონკრეტული ბიზნესჯგუფი, რომელიც მოაწყობს მიწისქვეშა პარკინგებს, ტერიტორიებს გადასახადის გარეშე გადავცემთ
კახა კალაძე - თუ იქნება კონკრეტული ბიზნესჯგუფი, რომელიც მოაწყობს მიწისქვეშა პარკინგებს, ტერიტორიებს გადასახადის გარეშე გადავცემთ

პირველი მიწისქვეშა პარკინგი უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში იქნება დამთავრებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში პარკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მიწისქვეშა პარკინგი ორბელიანის მოედანზე დაახლოებით 130 ავტომობილზეა გათვლილი.

ამასთან, კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია გამოთქვამს მზადყოფნას, თუ იქნება კონკრეტული ბიზნესჯგუფი, რათა მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგები, მათ ყოველგვარი გადასახადის გარეშე გადასცეს ფართი.

„პარკირება სერიოზული პრობლემაა მთელი ქალაქისთვის. თქვენ იცით, რომ გამოცხადებული გვქონდა კონკრეტულ ლოკაციებზე ადგილები, სადაც შესაძლებელი იყო პარკირების მოწყობა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორიები გადაგვეცა ინვესტორისთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა კონკრეტულ ტერიტორიებზე პროექტები განეხორციელებინა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგი. არ გამოჩნდა ისეთი კომპანიები, ვისაც ჰქონდა ამის გაკეთების სურვილი.

თქვენ გახსოვთ, როდესაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე საინვესტიციო ვალდებულებით მიწა გადაეცა თანაინვესტირების ფონდს, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ამ ყველაფერს. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა იქ სამუშაოები მიმდინარეობდა და უახლოეს მომავალში დამთავრდება.

ჩვენ დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება კონკრეტული ბიზნესჯგუფი, ამ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენ მიერ არის გამოყოფილი, მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგები, ჩვენ ამ ტერიტორიებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე გადავცემთ.

პირველი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, ეს არის ორბელიანის მოედანზე, დაახლოებით 130 ავტომობილზე გათვლილი. პირველი მიწისქვეშა პარკინგი უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში იქნება დამთავრებული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის დონეზეა გაკეთებული, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებში კეთდება. ყველანაირი უსაფრთხოება, შშმ პირთათვის შესაბამისი ლიფტები, სახანძრო სისტემა – ყველაფერი არის ისე გაკეთებული როგორც სტანდარტი მოითხოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.