კახა კალაძე - დღეს რაც იუსტიციის სახლში ხდებოდა, ტაქსების ლიცენზირებასთან კავშირი არ აქვს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რაც დღეს იუსტიციის სახლში ხდებოდა, ტაქსების ლიცენზირებას არ უკავშირდებოდა.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მერიას კომუნიკაცია იუსტიციის სახლთან ჰქონდა.
„რაც იუსტიციის სახლში ხდებოდა, ტაქსების ლიცენზირება ამასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს ერთობლივად მუშაობა იუსტიციის სახლთან. მე წინასწარ მქონდა კომუნიკაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან. იცით, რომ 21 აგვისტოდან შესაძლებელი იყო ტაქსის ლიცენზირების მიღება, რეგისტრირების გავლა, რისთვისაც იუსტიციის სახლს და თითოეულ თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დილიდან იუსტიციის სახლში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. სწორედ დღეს იწურებოდა ვადა ორი ტიპის რეგისტრაციის გავლაზე. საუბარია ტაქსებით მომსახურების ლიცენზიების გაცემაზე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციაზე.