კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდა
კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდა

ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

კალაძის თქმით, თუ რაიმე წარმატება აქვს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა.

„ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხალხი ხედავს ყველაფერს. ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ისინი 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. მაშინ რა ხდებოდა? კლავდნენ, აუბედურებდნენ, აწამებდნენ, ჩაგრავდნენ. მესმის, რეგიონში ყველას – ამერიკას, ევროპას, თურქეთს, რუსეთს – თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთ. საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთ ვერავინ გაატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს საქართველოს მთავრობის მიერ ამერიკის წინააღმდეგ დეზინფორმაციული  განცხადებები კეთდებოდა.

„დაასახელეთ ერთი დეზინფორმაციული განცხადება, რაც ჩვენი მხრიდან ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ გაკეთდა. ჩვენი განცხადებები მხოლოდ ფაქტებზე და სიმართლეზეა დამყარებული. მეორე ფრონტის გახსნას რაც შეეხება, პირდაპირ იყო მოწოდებები, ამას ჩვენ ხომ არ ვიგონებთ. მოიძიეთ, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა. ეს იმდენად მტკივნეული იყო, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც კი დაგმო. პირდაპირ მოგვიწოდებნენ, მოხალისეები უკრაინაში საბრძოლველად ჩარტერული რეისით გაგვეშვა. ბევრი ისეთი საკითხი იყო, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებისთვის პრობლემას წარმოადგენდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არგუმენტები აქამდე გაკეთებულ არცერთ განცხადებაში არ არსებობს.

„რაც შეეხება კანონპროექტს, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას. სამწუხაროდ, ვერცერთი არგუმენი ვერ მოვისმინეთ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ შეიძლება, შეუშალოს ხელი გამჭვირვალობამ, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას? რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა დემოკრატიას და ევროპულობას?“ – განაცხადა კახა კალაძემ.