კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, მეტროში მოცდის დრო ორწუთნახევრამდე შევამციროთ
სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა
დედაქალაქის მერის თქმით, მეტროში ახალი ვაგონების დამატებით მოცდის დრო ორწუთნახევრამდე უნდა შემცირდეს, 2019 წლის ბოლომდე კი, ავტობუსების პარკის მთლიანად განახლება იგეგმება.
„გვინდა, 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად ჩავანაცვლოთ ავტობუსების პარკი, შემოვიყვანოთ ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები. ასევე იგეგმება მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და სადგურების მოწესრიგება, რომელიც მართლაც, ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენი მიზანია, შევამციროთ მოცდის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25%-ით არის გაზრდილი მგზავრთა რაოდენობა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა ქალაქში იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.
დღეიდან თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო მეორე (საბურთალოს) ხაზზე სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. ორ კვირაში ორივე ხაზს კიდევ თითო მოძრავი შემადგენლობა დაემატება.
2019 წელს 27 ვაგონის მოდერნიზება იგეგმება.