22 სექტემბრიდან თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს
22 სექტემბრიდან თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელთაგან 180 იქნება რვამეტრიანი ავტობუსი, 200 კი 18-მეტრიანი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ავტობუსების შესყიდვა მომავალ წელს განხორციელდება.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ავტობუსების განახლება-ჩანაცვლება ჩვენ ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, რადგან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ისეთი უბნები, ქუჩები, რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, გარდა ჩანაცვლებისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 იქნება რვამეტრიანი ავტობუსი, 200 იქნება 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელთა შესყიდვას მომავალ წელს განვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსიდან 20 უკვე ჩამოვიდა თბილისში და 22 სექტემბრიდან გაეშვება ხაზზე.

„იცით, რომ ასევე დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა და წლის ბოლოსთვის მთლიანად იქნება ჩანაცვლებული მიკროავტობუსები, არც ერთი ყვითელი, დანგრეული ე.წ. მარშრუტკა ქალაქში არ იმოძრავებს. დღეის მდგომარეობით, ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და ესეც 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. იცით, რომ ასევე, ქსელის მთლიანად განახლება მიმდინარეობს, რათა არ დავტოვოთ არც ერთი ქუჩა, უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ყველანაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველასთვის კომფორტული უნდა იყოს და თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე უნდა შეძლოს ქალაქში გადაადგილება. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწყობა, რასაც პარალელურად ვაკეთებთ და ვახორციელებთ. ეს მომავალშიც გაგრძელდება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მიკროავტობუსები ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 21 მარშრუტზე იმოძრავებს, რომელთაგან 13 ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა, ხუთი – ახალია, ხოლო სამი მათგანის გზასავალი კორექტირებულია. უფრო ზუსტად, ძველი მარშრუტების ნაცვლად, ამოქმედდა: N403, N406, N407, N417, N418, N422, N435, N451, N473, N490, N493, N516, N529; ახალი მარშრუტებია – N412, N427, N433, N468, N478; ხოლო დაკორექტირდა – N409, N410, N411. რაც შეეხება ავტობუსებს, ისინი ხუთ მარშრუტზე განაწილდება. კერძოდ, N101, N102, N60, N42, N7. ავტობუსები მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება.