კახა კალაძე ბულგარეთში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტზე - ეს ერთი და იგივე ხაზია, საქართველოშიც გვაქვს იგივე გამოცდილება, გამჭვირვალობა შეიფუთა, როგორც რუსული კანონი
კახა კალაძე ბულგარეთში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტზე - ეს ერთი და იგივე ხაზია, საქართველოშიც გვაქვს იგივე გამოცდილება, გამჭვირვალობა შეიფუთა, როგორც რუსული კანონი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ბულგარეთის სკოლებში ლგბტ პროპაგანდის  ამკრძალავი კანონპროექტის ირგვლივ რიგი ევროპარლამენტარების რეაქციებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბულგარეთშიც, ისევე როგორც საქართველოში, კონკრეტული კანონპროექტები დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებმა რუსულად შეფუთეს.

„ეს ერთი და იგივე ხაზია. აღნიშნულ კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება სკოლებში ლგბტ პროპაგანდას, მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, შეიფუთა, როგორც რუსული კანონი. ჩვენ გვაქვს იგივე გამოცდილება. კანონპროექტი, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული და ეხება გამჭვირვალობას, შეფუთეს პიარულად. სამწუხაროა, რომ ამაში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები იღებდნენ მონაწილეობას. დასავლეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი იმედოვნებს, რომ ბულგარეთში საზოგადოება მიმდინარე პროცესებს სწორად გააანალიზებს.

„ვინმე იფიქრებდა, რომ 2024 წელს გამჭვირვალობაზე იტყოდნენ, ცუდია და რუსულიაო? დარწმუნებული ვარ, ბულგარეთშიც შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოება. რაც მთავარია, საქართველოში ხალხს აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება მსოფლიოში, საით მიდის ეს პროცესები. ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ. ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განურჩევლად რელიგიისა და სექსუალური შეხედულებებისა. ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ ამის პროპაგანდა მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ბულგარეთის პარლამენტმა სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვას მხარი დაუჭირა.