კახა კალაძე - არავისთვის არის უცხო, რომ წლების განმავლობაში გურია მიტოვებული იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა
გურია პოლიტიკურად აქტიური, საკუთარი სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარი ხალხის მხარეა და ეს ყოველთვის ასე იყო ისტორიულად, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სიტყვით ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თამამად უნდა ითქვას, რომ რეგიონში და კონკრეტულად ლანჩხუთში განხორციელდა უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის განვითარებისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული.
„ჩემთვის პატივია დღეს, აქ, თქვენთან, თავისუფლებისმოყვარე, ნიჭიერ და თავისი ხასიათით მთელს ქვეყანაში გამორჩეულ ხალხთან – გურულებთან შეხვედრა. გურულები განსაკუთრებული იუმორით გამოირჩევით და ხუმრობის ხალისს, ოპტიმიზმს ძნელბედობის ჟამსაც არ კარგავთ. ნამდვილად ურთულესია კიდევ მოიძებნოს თავისუფლების ასეთი მოყვარე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მუდმივად იმედით აღსავსე ამდენი ადამიანი. გურია პოლიტიკურად აქტიური, საკუთარი სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე მდგარი ხალხის მხარეა და ეს ყოველთვის ასე იყო ისტორიულად. სწორედ აქ, ლანჩხუთში დაიბადა უამრავი ადამიანი, რომლებიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას საფუძველს უყრიდნენ, მათ შორის, ნოე ჟორდანია, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო. ამ ულამაზეს მხარეს კიდევ უფრო ალამაზებს გურული სიმღერა, პოლიფონია, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი განძია. ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, ყოფილი ფეხბურთელისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, ლანჩხუთი განსაკუთრებით საყვარელი ადგილია, სადაც, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ეყრებოდა საფეხბურთო გუნდს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ასევე, ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურადღება ექცევა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ეს ყველაფერი კეთდება, რათა ადგილობრივ ახალგაზრდებს, ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და მოახმარონ ჩვენს ქვეყანას. ალბათ არავისთვის არის უცხო, რომ წლების მანძილზე არა მხოლოდ ლანჩხუთი, არამედ ეს უნიკალური, ისტორიული მხარე მთლიანად იყო მიტოვებული ხელისუფლების მიერ, თუმცა, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გურიის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებით დიდია გურიის წინაშე.
„მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო უმსხვილესი პროექტები გურიის სავიზიტო ბარათად იქცა, რაც ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური სარგებლის მოზიდვის გზაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თითოეულ გურულს აძლევს საშუალებას, ამ ყველაფრისგან მიღებული სარგებელი საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს. წინ კიდევ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები ლანჩხუთში, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.