კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ
კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ

ჩვენ ვართ და მომავალშიც ვიქნებით პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გუშინ მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს შესაბამისმა სამსახურებმა.

„ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ვართ და ვიქნებით მომავალშიც პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ. მინდა, ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვალერი ჭიღლაძეს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ამ მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ. სისტემა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი, შესაბამის სამსახურებთან ერთად ეფექტურად მუშაობს. შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. ეს ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშროლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ყველა იყოს ყურადღებით და იმოქმედოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურ​მა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის განყოფილების უფროსი სპეციალისტი გუშინ დააკავა.

„გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი“, – აცხადებენ სუს-ში.