სუს-მა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა
სუს-მა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი“, – აცხადებენ სუს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.