კახა კალაძე - აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სჭირდება შტაბს, ამით კანონი არ ირღვევა
„ენდიაი“ და „აირაი“ ტრენინგებს გვიტარებდნენ პარტიებს, როგორ უნდა მოახდინო მხარდამჭერების მობილიზება და მათი მოყვანა არჩევნების დღეს, ამით არც კანონი ირღვევა, არც დანაშაულია“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მობილიზების შესახებ დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან მყოფი ადამიანები პროცესს საარჩევნო შტაბის ინფორმირებისთვის აკვირდებიან, რათა პარტიამ იცოდეს, როგორია აქტივობა.
„ამით არც კანონი ირღვევა, არც დანაშაულია. ამაზე „ენდიაი“ და „აირაი“ ტრენინგებს გვიტარებდნენ პარტიებს, როგორ უნდა მოახდინო მხარდამჭერების მობილიზება, არჩევნების დღეს როგორ უნდა უზრუნველყო მათი მოყვანა. თქვენ რომ წარმოაჩენთ, თითქოს ეს არის კანონდარღვევა, არანაირი კანონდარღვევა არ არის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მოჰყავთ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები. ასეთივე მობილიზებას აკეთებენ სხვა პარტიებიც. ადამიანი სიებით რომ დგას და უყურებს, რომელი ჩვენი მხარდამჭერია მოსული, ვინ უნდა მოვიდეს, სჭირდებათ იმისთვის, რომ შტაბს ჰქონდეს სრული ინფორმაცია აქტივობასთან დაკავშირებით, მომსვლელ მხარდამჭერებთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ვიცით წინასწარ, ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი. ადამიანი მოდის და გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, ვიღაც მიდის და „ლელოს“ ეუბნება, ვიღაც – „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია“, – განაცხადა კახა კალაძემ.