კახა კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, რაზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა, პასუხი უნდა აგოს ყველა ადამიანმა, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი
კახა კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, რაზეც აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა, პასუხი უნდა აგოს ყველა ადამიანმა, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. პასუხი უნდა აგოს ყველა ადამიანმა, რომლებმაც ამ ყველაფერში მიიღეს მონაწილეობა, დანაშაული აქვთ ჩადენილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებზე და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დადგომაც ხომ არ არის შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა აღნიშნულ კითხვებზე. ჩვენ ამ ომით დავკარგეთ ტერიტორიები, დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, დავკარგეთ სოფლები, დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მივიღეთ განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დევნილი ოჯახი. ეს ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის და პასუხი უნდა აგოს ყველა ადამიანმა, რომელმაც ამ ყველაფერში მიიღო მონაწილეობა და დანაშაული აქვს ჩადენილი. ასევე, კიდევ ერთი დიდი უბედურება, რაც გააკეთეს, ეს არის იმ რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი და მძინარე ცხინვალს დაუშინა ბომბები. წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები, შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს და პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან მოგვიწოდებდნენ, პოლარიზაცია შემცირებულიყო, სამწუხაროდ, ეს არ განელებულა. არაერთი განცხადება გავაკეთეთ, გამოვხატეთ მზაობა, კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა ამ მიმართულებით, თუმცა მეორე მხარეს ვხედავდით, რომ დასავლეთიდან ის ადამიანები, რომლებიც პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებდნენ, პირდაპირ აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რევოლუციურ სცენარს ქვეყანაში, სიძულვილის გაღვივებასა და დათესვას პირდაპირ ხელს უწყობდნენ. ამ მოცემულობაში დღესაც გვიწევს მუშაობა. ყოველთვის, როდესაც არჩევნები ტარდება, ტემპერატურა იწევს, მაგრამ ჩვენს საარჩევნო კამპანიას ჩავატარებთ. საზოგადოებას მაქსიმალურად დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას გამოწვევებზე, საფრთხეებზე, სამომავლო გეგმებზე, რის გაკეთებას ვაპირებთ. საუბარი არ არის მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მხედველობაში გვაქვს მთლიანად ოპოზიცია, რომელიც ჩვეულებრივი რადიკალები და ქვეყნის მტრები არიან. როგორ შეიძლება, გერქვას პოლიტიკოსი ან წარმოადგენდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე, დარბოდე ბრიუსელში, ყველაფერს აკეთებდე, რომ ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, არ მოხდეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა? დარბოდე და ყველაფერს აკეთებდე, რომ ქვეყანა დასანქცირებული იყოს. ეს წარმოუდგენელია, ჩვეულებრივად ქვეყნის მტრები, მოღალატეები არიან. ყველა ადამიანი, რომელიც დღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის სახელით არის წარმოდგენილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში არიან აღმოცენებული ან „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ. საზოგადოებას თავი დაამახსოვრებინეს თავიანთი ბოროტებით, სიძულვილით. ყველაფრის მკადრებელი არიან, თუ კი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხარს დაუჭირა გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს.

„დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერს გუნდს, „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ქვეყანა ეკონომიკურად განავითაროს, წინ წავიდეს, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კახა კალაძემ.