კახა კალაძე - აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია
აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე განაცხადა.
„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი, რასაც შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, ელჩი უკვე დაბარებულია“, – აღნიშნა კალაძემ.
როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.