კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით მიუღებელია.
კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს.
„ამაზე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მგონია, რომ ეს უნდა გადაიხედოს. მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა და როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მძიმეა. უმჯობესია, თვითონ პრეზიდენტმა გააკეთოს ამაზე განცხადება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.