კახა კალაძე - 112-ის ახალი პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს, ვიყოთ უფრო ოპერატიულები და ეფექტურები
112-ის ახალი პროგრამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ მოწყობილობა, სპეციალური პადები, რომლის მეშვეობითაც ონლაინ რეჟიმში აქვთ ინფორმაცია, სად, რომელ მისამართზე უნდა მივიდნენ და დაეხმარონ ადამიანებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ 112-ის ახალი პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, გარდა აღნიშნული პროგრამისა, დაგეგმილია ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შემოყვანა, ასევე რეფორმის ფარგლებში წლევანდელი წლიდან თანამშრომლები ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ.
„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ პროგრამას, რომელიც შემუშავებულია მერიისა და შსს-ს ერთობლივი ძალისხმევით. დედაქალაქში დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, ეს არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროგრამას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მათ ჰქონდეთ მოწყობილობა, სპეციალური პადები, რომლის მეშვეობითაც ონლაინ რეჟიმში აქვთ ინფორმაცია, სად, რომელ მისამართზე უნდა მივიდნენ და დაეხმარონ ადამიანებს. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ უფრო ოპერატიულები და ეფექტურები. რა თქმა უნდა ეს არ არის ბოლო. ჩვენ ვაპირებთ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ვაპირებთ ახალი ავტომობილების შემოყვანას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის, ვაპირებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, როდესაც თანამშრომლები გადიოდნენ დეკრეტულ შვებულებაში, წელს ეს იქნება ანაზღაურებადი და ესეც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქალაქის განვითარებაზე და მის კეთილდღეობაზე მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია და ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე ლამაზი, კეთილმოწყობილი და სერვისებზე ორიენტირებული, რომელიც მოემსახურება დედაქალაქს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შიდა საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგა, რომლის საშუალებით, 112-ში შესული შეტყობინებები სასწრაფო დახმარების ბრიგადების და პატრულ-ინსპექტორების პორტატულ კომპიუტერებში მყისიერად აისახება. ახალი პროექტი დღეს ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინეს.