სასწრაფო დახმარების და პატრულის თანამშრომლები 112-ის შეტყობინებებს პორტატულ კომპიუტერებში მიიღებენ
სასწრაფო დახმარების და პატრულის თანამშრომლები 112-ის შეტყობინებებს პორტატულ კომპიუტერებში მიიღებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შიდა საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგა, რომლის საშუალებით, 112-ში შესული შეტყობინებები სასწრაფო დახმარების ბრიგადების და პატრულ-ინსპექტორების პორტატულ კომპიუტერებში მყისიერად აისახება. ახალი პროექტი დღეს ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინეს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 112- ის შიდა საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფა,  ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს,  შემდგომი კომუნიკაციის დროის შემცირებას, გამარტივებულ დისპეტჩერიზაციას და ინფორმაციის სიზუსტეს შეუწყობს ხელს.  მისი საშუალებით, 112-ში შესული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციის გზით, თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს დეტალური ინფორმაცია მყისიერად გადასცეს.

პროგრამა მიმდინარე წლიდან სრულად ჩაიწერება საპატრულო ეკიპაჟებისა  და თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატულ კომპიუტერებში. პროგრამა  სხვადასხვა რეგიონის საპატრულო პოლიციის დანაყოფებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებში საპილოტე რეჟიმში უკვე მოქმედებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ცდომილების ალბათობას მინიმუმადე დაიყვანს და მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.