კახა კახიშვილი სასამართლოს მიმართავს, „დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის საკითხი მოკლე დროში განიხილოს
დეპუტატი კახა კახიშვილი სასამართლოს მიმართავს, მოკლე დროში განიხილოს თბილისში, ისნის რაიონში, „დირსის“ კომპლექსთან მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობის საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კახიშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მან საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მდებარე ქარხანაზე, რომელიც გარემოს აბინძურებს და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროსაც ისაუბრა.
„მთავრობის დამტკიცების დროს ვისაუბრე „დირსის“ კომპლექსთან, ორ მეტრში მდებარე ცემენტის ქარხანაზე, რომელიც წამლავს მოსახლეობას. მქონდა კომუნიკაცია ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელთან, გარემოს დაცვის მინისტრთან, თავად პრემიერთანაც და ჯადოსნური წრე არის. ერთი მხრივ, ამ ადამიანებს უკანონოდ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ საქმიანობა, არ აქვთ არანაირი ლიცენზია, აბსოლუტურად ყველანაირი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებული არიან, რადგან კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მაგრამ ამავდროულად, სასამართლოში გასაჩივრებულია ეს საკითხი. რამდენადაც ვიცი, ქალაქ თბილისის მერიაც ჩართულია. ვერაფერს უშვებიან, რადგან იწელება სასამართლო პროცესები“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, სანამ სასამართლო პროცესები ჭიანურდება, ქარხნის უკანონო საქმიანობის შედეგად ათასობით ადამიანი იწამლება.
„ამიტომ, ვთხოვ ამ ტრიბუნიდან სასამართლოს, არაფერს ვთხოვ ზედმეტს, მოკლე დროში განიხილონ ეს საკითხი და მიიღონ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ამავე დროს, გაითვალისწინონ, თითოეული დღე, რომელსაც აჭიანურებენ ამ საკითხის განხილვისას, წამლავს ბავშვებს, რადგან ცემენტის ქარხნის გვერდზე არის საბავშვო ბაღები, სკოლები, კორპუსები, იქ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ გარემოს დაბიძნურებაზე პასუხისმგებლობა უნდა გამკაცრდეს.
„ვხედავ, აქ წარმოდგენილ საკითხებში, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გარემოს დაბინძურებაზე და ვფიქრობ, მეტად უნდა გავამკაცროთ ასეთი საკითხები. არ შეიძლება თვითნებობები, მით უმეტეს, ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე“, – განაცხადა სხდომაზე კახა კახიშვილმა.