კახა კახიშვილი - ამნისტია შეეხება ყველას, ვინც კანონპროექტში ჩამოთვლილი მუხლებით არის გასამართლებული
კახა კახიშვილი - ამნისტია შეეხება ყველას, ვინც კანონპროექტში ჩამოთვლილი მუხლებით არის გასამართლებული

ამნისტია კონკრეტულად გვარებს და სახელებს არ იხილავს. ამნისტიის კანონში ჩამოთვილია მუხლები, რომელ მუხლებსაც შეეხება შეღავათი, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კახა კახიშვილმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, ამნისტია შეეხება ყველას, ვინც კანონში მითითებული მუხლებით იქნებიან გასამართლებული.

„ამნისტიის შესახებ“ პროექტი წავიკითხე. ამ პროექტის განხილვაში ჩართვის სურვილი გამოვთქვი. აუცილებლად დავესწრები ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას, სადაც ამ კანონპროექტის განხილვა დაიწყება. ჩემი მოსაზრებები მექნება კანონპროექტთან დაკავშირებით. ამნისტია კონკრეტულად გვარებს და სახელებს არ იხილავს. ამნისტიის კანონში ჩამოთვილია მუხლები, რომელ მუხლებსაც შეეხება შეღავათი.

შესაბამისად, ეს კახიშვილი იქნება, ონოფრიშვილი იქნება, პეტრიაშვილი თუ სხვა, ვინც ამ მუხლითაა გასამართლებული, ყველას შეეხება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „შეეხება თუ არა ამნისტია ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს“, კახიშვილმა განაცხადა, რომ საქმე არ შეუსწავლია და ამასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

„კონკრეტულად მე ვერ გეტყვით. არც ის ვიცი, რა მუხლითაა გასამართლებული. ეს საქმე ნამდვილად არ შემისწავლია და ვერაფერს ვერ მოგახსენებთ“, – აღნიშნა კახიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 16 დეკემბერს დარეგისტრირდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.