კახა იშხნელი - კორონავირუსით ინფიცირებული ორი წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს
კახა იშხნელი - კორონავირუსით ინფიცირებული ორი წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ბავშვთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ ხუთი პაციენტი მკურნალობს.

დანარჩენი ოთხი პაციენტიდან ორ-ს პნევმონია აქვს, თუმცა მედიკოსების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული 16 პაციენტი, რომელთა შორის ხუთი დადასტურებული ფორმაა, რომელთა მკურნალობაც დადებითი დინამიკით მიმდინარეობს. დანარჩენი პაციენტები ელოდებიან ანალიზის პასუხებს და, საბედნიეროდ, სწრაფად ხდება ეს ბრუნვა ჩვენს კლინიკაში. ისინი დროულად ტოვებენ ხოლმე კლინიკას. ახალ პასუხებს ვიღებთ დაახლოებით ხუთი – ექვსი საათის განმავლობაში. ღამის განმავლობაში იგზავნება ექვსი-შვიდი ანალიზი, უარყოფითი შედეგის მოსვლის შემთხვევაში, ისინი გადაგვყავს კარანტინში ან თვით იზოლაციაში. დღესაც არის გადაგზავნილი შვიდი პაციენტის ანალიზი.

გასული ღამის განმავლობაში, საბედნიეროდ, არ დაგვმატებია პაციენტი. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ამ ხნის ბავშვის პაციენტად ყოფნა, მაგრამ არსებულ ვითარებაში, სუბიექტური, ობიექტური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, მდგომარეობა საყურადღებო, მაგრამ სტაბილური, დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა კახა იშხნელმა.