კახა იშხნელი - ჩვენ უკვე დავაგროვეთ გამოცდილება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ პაციენტებს სახლშიც მოვუაროთ
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 37 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 23-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.
კლინიკური დირექტორის, კახა იშნელის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ხუთი არასრულწლოვანია.
მისივე თქმით, პაციენტების უმეტესი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სამი პაციენტის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. ისინი ასაკობრივადაც რისკის ჯგუფში არიან, მკურნალობა დანიშნულების მიხედვით მიმდინარეობს, ვინარჩუნებთ სტაბილურ მდგომაროებას და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ამ პაციენტების მდგომარეობაც გაუმჯობესდება“,- განაცხადა კახა იშხნელმა.
ამასთან, კახა იშხნელმა ისაუბრა ეკონომიკის გახსნასა და შესაძლო რისკებთან დაკავშირებითაც.
„ადამიანთა კონტაქტების გახშირება, თავისთავად ზრდის შესაძლო პაციენტების კონტაქტირების ალბათობას. ალბათ იქნება პერიოდულად ასეთი შემთხვევები, ასეთი ზრდა ერთი დღე იყო, როდესაც წარმოიშვა ე.წ. საბურთალოს კლასტერი, ასევე თეთრიწყაროდან იყო მაქსიმალური 24 პაციენტი, შემდეგ იყო ოთხი – ასეთი მატება შეიძლება, ნორმალურად ჩაითვალოს“,- განაცხადა იშხნელმა.
კახა იშხნელი ვარაუდობს, რომ არსებული ვითარების, დინამიკის გათვალისწინებით, სკოლებთან დაკავშირებით პროგნოზი ოპტიმისტური უნდა იყოს.
„უფრო მეტი საფიქრალი იქნება შიდა და გარე ტურიზმთან დაკავშირებით, თუმცა მუდმივად დახურულები ვერ ვიქნებით. უნდა დავიცვათ დისტანცია, რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას, ვფიქრობ, ამაში არ უნდა იყოს პრობლემები და გამოწვევები სამედიცინო საზოგადოებისთვის, უნდა მოვემზადოთ უფრო კონცენტრირებულად“,- განაცხადა კახა იშხნელმა.
კახა იშნელმა ასევე ისაუბრა მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობის საკითხზეც და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ინფექციის კლინიკური მართვის პროტოკოლში მსუბუქი ფორმების ბინაზე მკურნალობაც იქნება განსაზღვრული.
„უკვე მართვის პროტოკოლში გაჩნდება მსუბუქი ფორმების ბინაზე მკურნალობა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უკვე დავაგროვეთ ის გამოცდილება, რომ მარტივ ფორმებს სახლშიც მოვუაროთ“,- განაცხადა იშხნელმა.