კახა იმნაძე - ყოველთვის იყო ალანიის რესპუბლიკა და სამაჩაბლო, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი არასდროს არსებობდა, ეს კომუნისტების გამოგონილია
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯი გადადგა, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, მან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები აღიარა დამოუკიდბელ სახელმწიფოებად, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ განაცხადა.
როგორც კახა იმნაძემ აღნიშნა, აფხაზეთი და ცხინვალი რჩებიან რუსეთის არალეგალური სამხედრო ოკუპაციის ქვეშ.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი ასადის რეჟიმმა რუსეთის შთაგონებით და წაქეზებით გადადგა. მინდა, აღვნიშნო, რომ ასადის რეჟიმმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ეთნიკურ წმენდას, რაც გასაკვირი არ არის. რუსეთი ხშირად საუბრობს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე. მინდა, შევახსენო მათ, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, მაშინ ეს ნამდვილად იყო თვითგამორკვევა. თვითგამორკვევა ნამდვილად არ არის ის, როდესაც შენი მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტს გადაასახლებ და დარჩენილებთან თოფის ლულის ქვეშ ე.წ. რეფერენდუმს ჩაატარებ, შემდეგ კი, ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მოითხოვ თვითგამორკვევას. ასევე საოცარია, როდესაც ამ თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების ლიდერები ითხოვენ ინტეგრაციას სხვა სახელმწიფოსთან. ეს არ არის თვითგამორკვევა. ეს არის მანიპულაცია. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივი, შევხედოთ გეოგრაფიას. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის – ეს არის კავკასიის მთები. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი არასდროს არსებობდა. ყოველთვის იყო ალანიის რესპუბლიკა და სამაჩაბლო. ყველაფერი დანარჩენი კომუნისტების გამოგონილია, როდესაც მათ დაიპყრეს საქართველო. მინდა ასევე ვთქვა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველო ორი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას და ოკუპაციაც გრძელდება”, – აღნიშნა იმნაძემ.
როგორც კახა იმნაძე აცხადებს, მოსკოვი დე ფაქტო ხელისუფლებებთან შეთანხმებებს აფორმებს, რაც ნიშნავს ამ რეგიონების რუსეთში სრულ ინტეგრაციას.
„რუსეთი აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება 10 ათასი რუსი ჯარისკაცი და 3 000 რუსი უშიშროების ოფიცერი. მოსკოვი აგრძელებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას ამ რეგიონებში და აკონტროლებს მათ საჰაერო სივრცეს. რუსეთი აგრძელებს საფორთიფიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას საოკუპაციო ზოლთან, ამონტაჟებს მავთულხლართებსა და სხვა ბარიერებს. ის არ უშვებს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ადგილი აქვს ეთნიკური ქართველების დაკავებისა და მკველელობის ფაქტებს. ბოლო ფაქტი მოხდა ახლახანს, როდესაც საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს, ის იდუმალებით მოცულ პირობებში გარდაიცვალა და მისი სხეული მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გადმოგვცეს. ერთი წლის წინ კი, კამერებმაც დააფიქსირეს, თუ როგორ დაედევნა აფხაზი ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მოქალაქეს და მოკლა. დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან”, – განაცხადა კახა იმნაძემ.
გაერო-ში საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველო მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებას საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები უშლის ხელს.