კახა იმნაძე - რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლა თავისუფლად შეუძლიათ, უბრალოდ მათ უნდა შეარჩიონ შესაფერისი ტრანსპორტი, ტანკებზე ამხედრებულ რუსებს საქართველოში ვერ მივიღებთ
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის კახა იმნაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების ეთნიკური წმენდა დღესაც გრძელდება. ამის შესახებ კახა იმნაძემ გაერო-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც სირიის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარებასთან“ დაკავშირებით საქართველოს პოზიცია დააფიქსირა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდა დღესაც გრძელდება. ამის მიზანი რეგიონში არასტაბილურობის შექმნის გარდა, ასევე არის ის, რომ აიძულოს საქართველო, გადაუხვიოს არჩეული გზიდან. თუმცა, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზა. ეს არის გზა, რომელსაც საქართველო 100 წლის წინ დაადგა, როდესაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა. ეს არის გზა, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობის დემოკრატიულ პრინციპებზე. ჩემი ქვეყანა ამ გზას გააგრძელებს. არსებობს გამოთქვა „ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის“. ასე, რომ ჩვენ გზას განვაგრძობთ”, – განაცხადა კახა იმნაძემ.
კახა იმნაძის თქმით, საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა იმ სახელმწიფოსთან, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს და ეს შეეხება სირიასაც.
კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო შექმნილ მდგომარეობაზე გაერო-ს გენერალურ მდივანთან ისაუბროს, იმნაძემ განაცხადა, რომ ანტონიუ გუტიერეში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა რუსეთი პოზიციის გამო, გაერო-ს სამშვიდობოებს ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს დატოვება მოუხდათ.
„იმ პიროებებში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ტერიტორიებზე კონტროლის განმხორციელებელი რეჟიმი რაღაცას მალავს”, -განაცხადა კახა იმნაძემ.
კითხვაზე, როგორი ურთიერთობა აქვს საქართველოს რუსეთთან, გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს, ტურისტებს ჩასვლა თავისუფლად შეუძლიათ.
„რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლა შეუძლიათ, უბრალოდ მათ უნდა შეარჩიონ შესაფერისი ტრანსპორტი. ტანკებზე ამხედრებულ რუსებს საქართველოში ვერ მივიღებთ. საქართველო და რუსეთი მეზობლები არიან და ეს ვერ შეიცვლება. საქართველოს სურს, ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი დავიწყეთ. გვაქვს ჟენევაში დიალოგი და სხვა ფორმატებიც, მაგრამ რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დაგვემუქრონ. ჩვენ გვაქვს სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ”, – განაცხადა კახა იმნაძემ.