გაერო-ს უშიშროების საბჭოში განხილვა კიდევ ერთი გზავნილია როგორც მოწინააღმდეგე მხარისადმი, ასევე მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომიდან გასულია 11 წელი, ეს საკითხი არავის დავიწყებია და საჭიროებს მოგვარებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ განხილვასა და შვიდი ქვეყნის სპეციალური მიმართვაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ, 7 აგვისტოს საქართველოს მისიის ორგანიზებით ჩატარდა სპეციალური ბრიფინგი გაერო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის.
„ბრიფინგი მიეძღვნა ტრაგიკულ მოვლენებს, ომის დაწყებას, რაც მოხდა 11 წლის წინ, 7 აგვისტოს. ჩვენი ბრიფინგის დროს გაერო-ს წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც ომის დინამიკასთან დაკავშირებით, ქრონოლოგია, როგორ ვითარდებოდა, რა წინა ისტორია ჰქონდა და როგორი იყო კონფლიქტის ეტიმოლოგია. ასევე, დღეს რა მდომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა კახა იმნაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მისიის ბრიფინგი ერთგვარად წინ უძღოდა უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას.
„უშიშროების საბჭო თავისი გრაფიკით მუშაობს. დღეს როდესაც დახურულ ფორმატში მიდიოდა მუშაობა, რაც მისი ტრადიციული გრაფიკია, ჩვენმა მეგობრებმა ერთ-ერთ საკითხად წამოსწიეს ჩვენი საკითხი. დაახლოებით 40 წუთი მიეძღვნა ამ საკითხის განხილვას, რომლის შემდეგაც გაკეთდა სპეციალური განცხადება შვიდი ქვეყნის სახელით. ეს განცხადება გააკეთა ბელგიამ, როგორც უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა წევრმა სახელმწიფომ, რომელიც ამავდროულად წარმოდგენს ევროკავშირის კოორდინატორ ქვეყანას აქ, ჩვენთან, ნიუ იორკში“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
მისი თქმით, გაერო-ს წევრი შვიდი ქვეყნის განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.
„აღინიშნა, რომ 11 წლის შემდეგ არ სრულდება 12 აგვისტოს შეთანხება, რომ ხელშესახები პროგრესი არ არის, რომ რუსეთი კვლავინდებურად ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს მისი კავშირებით დე ფაქტო ხელისუფლებასთან და ის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული მათი აღიარებისთვის, არანაირად არ ჯდება თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზებული მოქმედების წესებში. გამოიხატა ღრმა შეშფოთება ე.წ. ბორდერიზაციის ინტენსიფიკაციის გამო, ითქვა, რომ ეს არანაირად არ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგავრებას და რეგიონის სტაბილიზაციას. კიდევ ერთხელ უპირობო მხარდაჭერა გამოიხატა როგორც საქართველოსადმი, ასევე იმ ძირითადი საკითხებისადმი, რომელიც საქართველის აქვს ამ კონფლიქტთან მიმართებით. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნება და ხაზი გაესვა, რომ სამწუხაროდ, აქაც არ არის პროგრესი, ჟენევის დისკუსიების მთავარი თემაა ეს და აქაც უფრო მეტი უნდა გააკეთონ“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
მისი თქმით, მსგავსი განხილვები, როგორიც დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში გაიმართა, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბუნებრივია, კიდევ ერთხელ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ გადადგმულია ეს ნაბიჯი. ხაზი გაესვა იმ მეტად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც საქართველოს აქვს – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესოა და შეიძლება, კარგი იყოს კონფლიქტის დარეგულირებისთვის და ყველანაირად მხარდაჭერა იქნა აღმოჩენილი.
მეტად მნიშვნელოვანია ასეთი განხილვები, რადგან ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტი არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართალი, საერთაშირისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია. ასეთი განხილვა ამ პოზიციას ამყარებს და კიდევ ერთი გზავნილი არის როგორც მოწინააღმდეგე მხარისადმი, ასევე მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ ეს საკითხი მიუხედავად იმისა, რომ გასულია 11 წელი, არავის დავიწყებია და საკითხი საჭიროებს მოგვარებას“, – განაცხადა კახა იმნაძემ.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე პოლონეთის თავმჯდომარეობით საქართველოში არსებული ვითარების საკითხის განხილვა გაიმართა. განხილვის შემდეგ, ბელგიის მუდმივმა წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სახელით. მისივე თქმით, ზემოაღნიშნულ ქვეყნებს ასევე უერთდება ესტონეთიც, როგორც უშიშროების საბჭოს მომავალი წევრი.