ბელგიის წარმომადგენელი გაერო-ს უშიშროების საბჭოში - შეშფოთებულები ვართ ე.წ. ბორდერიზაციის გააქტიურებით, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები
ბელგიის წარმომადგენელი გაერო-ს უშიშროების საბჭოში - შეშფოთებულები ვართ ე.წ. ბორდერიზაციის გააქტიურებით, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები

უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებით, ეს ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს და დესტაბილიზაციას იწვევს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში, – ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ბელგიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კარენ ვან ვლიებერგმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც უშიშროების საბჭოში დახურული სხდომის შემდეგ, აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით გაიმართა.

ბელგიის მუდმივმა წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სახელით. მისივე თქმით, ზემოაღნიშნულ ქვეყნებს ასევე უერთდება ესტონეთიც, როგორც უშიშროების საბჭოს მომავალი წევრი.

მისი თქმით, 11 წელი შესრულდა რუსეთისა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან.

„დღეს უშიშროების საბჭომ მოისმინა მშვიდობის მშენებლობის საკითხებში გენერალური მდივნის ასისტენტის, ოსკარ ფერნანდეზ-ტარანკოს ბრიფინგი და განვიხილეთ შემდგომ განვითარებული მოვლენები. გავიხსენეთ ისინი, ვინც დაიღუპნენ და ისინი, ვინც საცხოვრებელი სახლები დაკარგა. ვწუხვართ, რომ კონფლიქტის გადაჭრისთვის 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმების ხელმოწერიდან მცირე პროგრესია მიღწეული.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ე.წ. აღიარება და ორივე დე ფაქტო ხელისუფლებასთან უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება მისი მეზობლების სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო წესრიგის საფუძველზე არსებული ნორმების მიმართ უპატივცემულობას გვიჩვენებს. ჩვენ ყველა უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებით. ეს ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს და დესტაბილიზაციას იწვევს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა კარენ ვან ვლიებერგმა.

​მისი თქმით, აშშ-ი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები დღეს კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება მოიცავს ვალდებულებებს, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას შეიარაღებული ძალების საომარ მოქმედებებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დამკვიდრება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის მიმართ. კერძოდ, მათი საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულად და უშფოთველად დაბრუნებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ძირითადი ნაწილია. თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, შერიგების პროგრესთან დაკავშირებით ჩვენ ვწუხვართ ვალდებულებებისა და პროგრესის ნაკლებობის გამო, რომელიც ამ ფორმატში იქნა მიღწეული და მომავალში მოვუწოდებთ ხელისუფლებებს, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ, გაამარტივონ წვდომა ამ რეგიონებთან შესაბამისი ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებადამცველებისთვის“, – განაცხადა კარენ ვან ვლიებერგმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე პოლონეთის თავმჯდომარეობით საქართველოში არსებული ვითარების საკითხის განხილვა გაიმართა.