საბავშვო ბაღებში სამუშაო საათების გახანგრძლივების კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონულ შეხვედრებს იწყებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველი დისკუსია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების შესახებ ისნის რაიონში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას N37-ე ბაგა-ბაღმა უმასპინძლა და მას რაიონის ბაგა- ბაღების დირექტორებთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და გამგებელი კახა ლაბუჩიძე დაესწრნენ.
კახაბერ გვანცელაძემ მოწვეულ სტუმრებს სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ძირითადად, სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვასა და ახალი პროექტების ინიცირებას ეხებოდა.
მისი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება ბაღებში მისი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფად, სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბაღებში კვების რაიონისა და მენიუს ცვლილებას.
კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქართველოს მთავრობის N487-ე დადგენილების მიხედვით მოქმედებს, ხოლო მენიუ, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის შედგენილი.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღსაზრდელთა მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, 18:00-დან 20:00 საათამდე სერვისია.
მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება. კახაბერ გვანცელაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.