კახა გოგოლაშვილი - მგონია, რომ არც თუ ისე შორია მომენტი, როდესაც რუსეთის ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს
კახა გოგოლაშვილი - მგონია, რომ არც თუ ისე შორია მომენტი, როდესაც რუსეთის ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს

რატომღაც, მაინც მგონია, რომ კიევს ვერ აიღებენ, ან არ განახორციელებენ შეტევას, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„გამორიცხული არ არის, თუ დესანტირება მოხდა და კიევში დესანტი გადასხეს, ერთდროულად შეუტიონ ხმელეთიდან ტანკებმა, დესანტმა კი ქალაქის შიგნით იმოქმედოს და შეეცადონ სამთავრობო, პარლამენტის და სხვა შენობების დაკავებას. მაინც იმედს ვიტოვებ, შეტევა ვერ განხორციელდება. იმიტომ, რომ ქალაქი თითქოს, საკმაოდ კარგად არის დაცული“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ზომები შეიძლება, დააწესოს დასავლეთმა და ექნება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სასანქციო პაკეტებს შემაკავებელი ეფექტი, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს საკმაო რეზერვები და მომარაგებული რესურსები აქვს, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში ბრძოლა შეძლოს, ყველანაირი შეზღუდვების და სანქციების მიუხედავად, მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, მოსახლეობის სულისკვეთებასა და კმაყოფილებაზე მოქმედებს.

„ისინი ხვალვე იგრძნობენ და ალბათ, უკვე დღესაც გრძნობენ იმას, რომ ომი ასე მარტივად არ ჩაივლის რუსეთის მოსახლეობისთვის. მაგალითად, უკვე ძალიან დიდი რიგებია ბანკომატებთან, რუბლი მნიშვნელოვნად დაეცა და ა.შ. მართალია, მათ ძალიან დიდი სავალუტო რეზერვები გააჩნიათ, დაახლოებით, ნახევარი ტრილიონი და ცოტა მეტიც, რითაც შეუძლიათ, შემდეგ გამოასწორონ ეს ვარდნა, მაგრამ ეს რეზერვები ძალიან სწრაფად დაიხარჯება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო საფინანსო სანქციები ამოქმედდა. მგონია, რომ არც თუ ისე შორია ის მომენტი, როდესაც რუსეთის ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს. რაც მთავარია, მოსახლეობაში იქნება პანიკა, რადგან ალბათ, რუსეთის მოსახლეობა ვერ იქნება ისე მშვიდი და წყნარი იმ პირობებში, როდესაც დაინახავენ, რომ მათთან ცხოვრება ყოველდღიურად უარესდება. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, რადგან რუსეთის სახელმწიფოს პრაქტიკულად, სულიერად შეშლილი პიროვნება მართავს, რუსეთის ჯარი ალბათ, გარკვეული დროის განმავლობაში ნებისმიერ ვითარებაში მაინც გააგრძელებს სამხედრო შეტევას და აგრესიას“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი პირველ რიგში, იმაზეა კონცენტრირებული, რომ საჰაერო-სარაკეტო დარტყმებით უკრაინის რაც შეიძლება, მეტი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგუროს, რაც ახლა ხდება, მაგრამ იმედია, უკრაინას საკმაოდ დეცენტრალიზებული აქვს ეს ინფრასტრუქტურა და რუსეთი ყველას განადგურებას ვერ შეძლებს.

პოლიტოლოგმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინას ძალიან ქმედით და სწრაფ დახმარებას გაუწევენ, როგორც ფინანსურს, ისე სამხედროს.

„დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააორმაგებენ. იმიტომ, რომ დასავლეთის ლიდერები და საერთოდ დასავლეთის საზოგადოება, ალბათ, გარკვეულწილად, რაღაც სინდისის ქენჯნას განიცდის, რომ ვერ ახერხებს ქვეყნის დაცვას. უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი და მათ არ გააჩნიათ ეს ვალდებულება, მათთვის ძალიან ძნელია ახლა ამხელა ომში ჩართვა, ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ შეეცდებიან, გადალახონ ეს კომპლექსი, სწორედ იმით, რომ უკრაინას დაეხმარებიან“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

პოლიტილოგმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ჯარისა და მოსახლეობის სულისკვეთება ჯერჯერობით, არის ძლიერი, ეს პირველ რიგში, ნერვების ომია და მათ ამ ომს პირველი რამდენიმე დღე უნდა გაუძლონ, შემდეგ კი, მათ მოქმედებებში მეტი თავდაჯერებულობა გაჩნდება.

„ძალიან ძნელია, რუსული რაკეტები რამეთი შეაკავო, მაგრამ რუსები ტერიტორიებს მარტო რაკეტებით ვერ დაიპყრობენ და მაინც მოუწევთ ტანკების, ჯავშან-ტექნიკის და ქვეითი ჯარის შემოყვანა. აი, აქ უკრაინის არმიამ რაღაცნაირად, უნდა გაუძლოს რუსეთის საჰაერო დარტყმებს და შემდეგ, რაც შეეხება სახმელეთო ბრძოლებს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, უკრაინის არმია შეძლებს, ღირსეულად დახვდეს რუსეთის ჯარს. უკრაინის არმია ამას ჯერჯერობით, ახერხებს იმ მიმართულებებზე, სადაც რუსეთი შეეცადა, წინ წასულიყო და უკრაინის პოზიციები შეევიწროებინა“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთი შეეცდება, უკრაინაში რაღაც გადატრიალება მოახდინოს და იქ თავისი მარიონეტული მთავრობა დასვას, მაგრამ ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან უკრაინული საზოგადოების კონსოლიდაცია და პოლიტიკური დასავლეთის მხარდაჭერა თანდათან იზრდება.