საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს.
როგორც კახა ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არაერთი არაკვალიფიციური დასკვნა გამოაქვეყნა და მათ შორის არის კომუნკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დიპლომთან დაკავშირებული დასკვნაც.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ეს დასკვნა კიდევ უფრო დაამახინჯა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ამ ბოლო დროს ჩვევია არაკვალიფიციური დასკვნების გამოქვეყნება. ერთ-ერთი ასეთი იყო მაგალითად, დასკვნა სარეკლამო კანონპროექტზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში. ამჯერად საკითხი ეხება ჩემი კვალიფიკაციის შესაბამისობას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის საკანონდებლო მოთხოვნებთან, კერძოდ, მაუწყებლის კანონთან. ამჯერადაც მათი მხრიდან სერიოზულ არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე. მარტო ამითაც არ შემოიფარგლნენ.
გუშინ, ასევე ერთ-ერთმა სამაუწყებლო არხმა, კერძოდ „რუსთავი 2“-მა დამახინჯებული ფაქტები და არაკვალიფიციური დასკვნა კიდევ უფრო დაამახინჯა.
„რუსთავი 2“-ის სიუჟეტიდან ისე გამოდიოდა, რომ მაგისტრის დიპლომი არ გამაჩნია, რაც აბსოლუტურად ტყუილია. მე დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა. ჩემი დიპლომი არის მაგისტრთან გათანაბრებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, კონტრასიგნაციაზე მთავრობამ და შემდეგ უკვე პარლამენტმა დეტალურად შეისწავლა ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც აუცილებელი იყო კომუნიკაციების კომისიის წევრობისთვის ჩემ შემთხვევაში და ცხადია, ყველა ამ ინსტანციამ დეტალური შესწავლის შემდეგ დაადასტურა, რომ კანონთან შესაბამისობაშია ჩემი როგორც კანდიდატის კვალიფიკაცია.
ბატონი გვარამია ყველამ კარგად ვიცით, წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფაქტობრივად, მთელი მედიის ტერორი ხორციელდებოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ის მთავარ ზონდერს წარმოადგენდა, მთავარ დამტერორებელს მედიის. ალბათ, იმ დროის ნოსტალგია აქვს და დღესაც უნდა, რომ მედია ასეთივე დატერორებული იყოს.
თუმცა, ამ სამაუწყებლო არხისგან ეს გასაგებია, რადგან კარგად ვიცით, დღეს რა პოლიტიკას ეწევა არხი და მისი ხელმძღვანელი, ვისი ცენზურის ქვეშ მუშაობს არხი და ბატონი გვარამია, ყველამ კარგად ვიცით”, – განაცხადა ბექაურმა.
კახა ბექაურს მიმართეს კითხვით, რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს „რუსთავი 2“-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”.
„ფაქტია, რომ დასკვნა არის არაკვალიფიციური. რატომ შეიძლება აკეთებდნენ ამას კონკრეტული სამაუწყებლო კომპანია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ერთ-ერთი მოსაზრება შეიძლება იყოს ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. მოგეხსენებათ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობის დაწყებამდე დიდი გამოცდილება მაქვს მედიასფეროში საქმიანობის, ბევრი ფაქტი მახსენდება, როდესაც მე ვხელმძღვანელობდი „მეცხრე არხს“, სადაც მომზადდა საგამოძიებო ფილმი, რომელიც უკავშირდებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელობაში არსებულ დარღვევებს. მახსოვს, რომ მაშინ კომენტარიც კი არ მოგვცეს ამ საკითხზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საქმიანობაში გარკვეული პოლიტიკური დავალებების შესრულება შეინიშნება. შესაძლოა, არსებობდეს ბევრი თემა, რომელიც მათი მხრიდან ჩემით დაინტერესებას ეხებოდეს”, – განაცხადა ბექაურმა.
რაც შეეხება კახა ბაექაურის განათლებას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 1986-1992 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ცნობისთვის, კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას, დამუშავებას, შენახვა და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის, შესაბამისად კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრების არჩევასა და დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი ისე საკანონდებლო ხელისუფლება. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს კონკურსანტთა სიას, შემდეგ მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას არჩევს , რომელიც ასევე ღია წესით ქვეყნდება. შემდეგ კანდიდატურები წარედგინება პრემიერ- მინისტრს კონტრასიგანციის მისაღებად , მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი კონტრასიგანაციას გასცემს, პრეზიდენტი შერჩეულ წევრებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. სწორედ აღნიშნული პროცედურების გავლითა და დაცვით იქნა 2013 წელს კახა ბექაური მარეგულირებელი კომისიის წევრად 83 ხმით 6 წლის ვადით არჩეული. 2013 წელს სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გამოცხადებული კონკურსის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მიერ კახა ბექაურის დიპლომი და განათლება იყო განხილვის საგანი, თუმცა როგორც აღმასრულებელმა ასევე საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ თემის მიმართ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი და კახა ბექაურის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებდა მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, ის კომისიის წევრად აირჩიეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ აქვს, კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი, კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს, რათა კახა ბექაური საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.
ავტორი - მიშა ფეიქრიშვილი