კახა ბექაური - პანდემიის დროს, სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა და ახალი ტექნოლოგიების საჭიროება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უსმენენ. ის დეპუტატებს საქმიანობის 2019-2020 წლების ანგარიშს წარუდგენს.
მისი თმით, პანდემიის გამო, 2020 წელს, სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.
„ჩვენი აზრით, პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციას, სატელეკომუნიკაციო სფერომ შეუფერხებლად და ეფექტიანად უპასუხა. მობილური ინტერნეტის ტრაფიკი 119%-ით, ფიქსირებული ინტერნეტის მოხმარება კი 35%-ით გაიზარდა. ლოგიკურიცაა, რომ ამ წელს, უპრეცედენტო მაღალი მობილური ინტერნეტის მოხმარება დაფიქსირდა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
კომისიის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24-საათიან მექანიზმზე. მისი თქმით, კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი ვებგვერდი Sheamotsme.ge, მომხმარებლებს პროვაიდერი კომპანიის გაკონტროლების საშუალებას აძლევს. ბექაურის განცხადებით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი სწორედ პარლამენტის რეკომენდაციით შეიქმნა.
„მომხმარებლებისთვის პირველად შეიქმნა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24 საათიანი მექანიზმი. 2019 წლიდან ამოქმედდა პლატფორმა SHEAMOTSME.GE, დაარსების დღიდან ვებ გვერდს სულ ჰყავდა 630 ათასი ვიზიტორი, ჩატარდა 45 623 ტესტი და კომისიაში შემოვიდა 692 საჩივარი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჩივარი დაკმაყოფილებულია“,- განაცხადა კახა ბექაურმა.