კახა ბექაური - მომხმარებელი კლასიკური მედია პროდუქტებიდან მულტიმედიური პროდუქტების მოხმარებაზე გადადის
მედია აკადემიაში, რომელიც მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში იქმნება, ძირითადი აქცენტი მულტიმედიური პროდუქტების წარმოების მიმართულებით გაკეთდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მედია წიგნიერების პროექტი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, საიდანაც პირველი მედია აკადემიის დაფუძნებაა. აკადემიაში 3-6 თვიან კურსზე სწავლება, როგორც დამწყები, ასევე მოქმედი ჟურნალისტებისთვის იქნება შესაძლებელი. კურსი ძირითადად პრაქტიკულ მეთოდს დაეფუძნება.
„მომხმარებლის ქცევა იცვლება და კლასიკური მედია პროდუქტების მოხმარებიდან, ის მულტიმედიური პროდუქტების მოხმარებაზე გადადის, შესაბამისად, მედია პროდუქტების წარმოებაში ამას დიდი გამოწვევები აქვს და განსხვავებული ჟურნალისტური მიდგომა სჭირდება. ძირითადი აქცენტები მედია აკადემიაში ამაზე იქნება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
მისი თქმით, მეორე კომპონენტი მედია კრიტიკის კომპონენტია. კომისია მედია კრიტიკის პლატფორმას შექმნის, სადაც პროფესიონალ მედია კრიტიკოსებს ჯანსაღი კრიტიკის შესაძლებლობა ექნებათ.
„ამის დანიშნულება და მიზანი იქნება ერთის მხრივ ის, რომ არსებულ მედიასაშუალებებს დაეხმაროს, საკუთარი მედია პროდუქტები უკეთ აკეთონ და მეორეს მხრივ, მომხმარებლისთვის გარკვეული გზამკვლევი იყოს, რომ მათ მრავალფეროვან გარემოში მათთვის სასურველი პროდუქტების პოვნა ადვილად შეძლონ“, – განაცხადა ბექაურმა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, მესამე კომპონენტი მედიაპროდუქტების მომხმარებლებზეა გათვლილი.
„სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფებზე ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ იმისთვის, რომ მედია წიგნიერებაზე ცნობიერება ავუმაღლოთ“, – აღნიშნა კახა ბექაურმა.
მისი თქმით, მეოთხე კომპონენტი ე.წ მედია ლაბი, მედიალაბორატორიაა, სადაც კომისია ციფრულ ჟურნალისტიკაში სტარტაპებს შეუწყობს ხელს.
„ჩვენ მათ ინკუბაციის პერიოდში დავეხმარებით, რათა საკუთარი საინტერესო იდეა განავითარონ და იქამდე მიიყვანონ, რომ შემდგომ ინვესტორი მოიძიონ ან რომელიმე მედიაკომპანიასთან ერთად საკუთარი პროექტი განავითარონ“, – განმარტა კახა ბექაურმა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო.