კომუნიკაციების კომისია მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში, მედია აკადემიას დააფუძნებს
კომუნიკაციების კომისია მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში, მედია აკადემიას დააფუძნებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ბრიფინგი გამართა.

კომისიამ მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ამერიკელი მედია ექსპერტი, LongIslandUniversity-ის პროფესორი მიჩ სემელი მოიწვია, რომელმაც დღეს ქართველი ჟურნალისტებისთვის მასტერ კლასი ჩაატარა. მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ მედიასაშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორიც არის CNN-ი, CBS  და Public Broadcasting Service.

როგორც კახა ბექაურმა განაცხადა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების განვითარებისთვის უახლოეს მომავალში, მედია აკადემიას დააფუძნებს.

მისი თქმით, მედია აკადემიის დაფუძნების მიზანი და ამოცანა ქვეყანაში მედია წიგნიერებისა და ცნობიერების დონის ამაღლებაა.

კომისია მედია წიგნიერების განვითარებას  4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.

პირველი კომპონენტი, რომელიც მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში ამუშავდება, მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და  ჟურნალისტებისთვის 3-6 თვიან კურსს ითვალისწინებს. კურსის მიზანია მედიის წარმომადგენლებს მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.

მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც, როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ერთის მხრივ, თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს,  მეორეს მხრივ კი, მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი იმის გასარჩევად,  თუ როგორ მედია პროდუქტს მოიხმარენ.

მესამე კომპონენტი არის  თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება. როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, მაშინ, როცა ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ, რომელია ე.წ  ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე – კომისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია მომხმარებელს დაეხმაროს ნამდვილი და ცრუ ამბების, ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტის გარჩევაში.

მეოთხე, კომპონენტი არის მედია ლაბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები.

როგორც კომუნკაციების კომისიის თავმჯდომარემ დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, თანამედროვე ეპოქაში, ხარისხიანი და კარგი მედია პროდუქტის შესაქმნელად ერთადერთი ინსტრუმენტი მედია წიგნიერების განვითარებაა.

2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა და კომუნიკაციების კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა, რომლიც – ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებას მოიცავს.

ამერიკელი მედია ექსპერტი მიჩ სემელი საქართველოში კომისიის მოწვევით, ორი კვირით ჩამოვიდა და  მედიის წარმომადგენლების გარდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლებისთვის ორკვირიანი ტრეინინგი ჩაატარა.

მედიის წარმომადგენლებისთვის მასტერ კლასი 4 მაისს გაგრძელდება.