კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში ქვეყანაში არსებული მედია გარემო შეაფასა. უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყანაში მედიაპოლიტიკას განსაზღვრავს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პლურალისტური მედიაგარემოა და რომ ამას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.
„მედიაპლურალიზმის კუთხით ქვეყანაში იდეალური მდგომარეობაა. 2012 წლიდან აბსოლუტურად შეიცვალა კანონმდებლობა. 2012 წლიდან 2017 წლამდე გაორმაგებულია ტელევიზიების რაოდენობა. აქ შედის როგორც საკაბელო, ისე თანამგზავრული და ღია საეთერო მაუწყებლები. დღეს საქართველოში 98 მაუწყებელი მაუწყებლობს. ხოლო ნაციონალური არხები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს, 2012 წლამდე ასეთი მაუწყებელი იყო ოთხი და გახდა 21. ხაზს ვუსვამ 2012 წლამდე იყო ოთხი და დღეს არის 21 ასეთი არხი. ტელევიზიების გახსნა ხდება ავტომატურად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. მოგეხსენებათ, საქართველო 2013 წელს გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ტექნოლოგიური გარღვევა, ეს იყო შინაარსობრივი რევოლუცია, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის თვალსაზრისით რევოლუცია, რადგან გაუქმდა ლიცენზირება. ჩვენ ვიცით, რომ ადრე პრაქტიკულად არ გაიცემოდა ლიცენზიები და ახსოვს ჩვენს მაყურებელს, ტელევიზიის გახსნა როგორი პრობლემა იყო. დღეს მარტივი ავტორიზაციით, ვებგვერდზე რომ დარეგისტრირდეთ დაახლოებით ასეთი მარტივი პროცედურით ხდება მაუწყებლობის დაწყება. კომისიაში განაცხადის შემოტანიდან 10 დღეში ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია მაუწყებლობა დაიწყოს. ამიტომ საქართველოში ლიბერალური მედიაპოლიტიკა არის და ეს ასე გაგრძელდება. შესაბამისად, საერთოდ საფუძველი არ აქვს იმას, რაზეც შიგადაშიგ საუბრობს ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი“,- განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.